ანოტაცია
ორგანიზმის დაბერების შესახებ უამრავი თეორია არსებობს, მაგრამ ერთი რაზეც ყველა თანხმდება არის ორგანიზმის ყველა უჯრედში განვითარებული ცვლილებების არსებობა, რომელიც თან ახლავს დაბერების პროცესს. თავის მხრივ ერთეული უჯრედის სიკვდილის მექანიზმი შეიძლება განზოგადებულ იქნას მთელი ორგანიზმის დონეზე, რაც საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ დაბერების მორფოლოგიურ საფუძვლებზე. შესაბამისად თუ გვინდა დასაწყისშივე აღმოვფხვრათ იმ დაავადებათა განვითარების რისკი, რომლებიც ასაკის მატებას სდევს თან, ასევე შევანელოთ ანდაც საერთოდ შევაჩეროთ დაბერების პროცესი, ჯერ იმ ცვლილებათა მექანიზმი უნდა დავადგინოთ რაც ამ დროს თითოეულ უჯრედში მიმდინარეობს. ცალკეულ უჯრედებში მეტაბოლიზმის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების შესწავლის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა სისხლის ფორმიანი ელემენტები. კვლევები გვიჩვენებს, რომ T და B ლიმფოციტების აბსოლუტური რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. განსაკუთრებული ცვლილებები T უჯრედებიდან აღინიშნებოდა CD4 ლიმფოციტების შემცირების სახით. ასევე CD45R მოლეკულა ბავშვებში აღინიშნება CD4 უჯრედების უმრავლესობაზე, ხოლო ასაკოვან სუბიექტებში ამ ლიმფოციტების აბსოლუტური რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ იმუნოსესცენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ასაკთან დაკავშირებული ბუნებრივი მკვლელი (NK) უჯრედების დისფუნქცია, რასაც თან ახლავს ციტოკინების სეკრეციის შემცირება და სამიზნე უჯრედების ციტოტოქსიკურობის დაქვეითება. ხანდაზმულებში აღმოჩენილია თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა, მათი უფრო მაღალი მგრძნობელობა და გაზრდილი რეაგირება სეროტონინის მიმართ, რაც შესაძლოა იყოს თრომბოციტების აგრეგაციის გაზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი. ასაკის მატებასთან ერთად აღინიშნება ერითროციტების დეფორმაბელობის დაქვეითება, დიამეტრის გაზრდა, ოსმოსური ბალანსის (Na/K) დარღვევა, რაც წინაპირობაა უჯრედების ზომის მატების; იცვლება ერითროციტების მემბრანების ელექტროფორეზული მობილობა და აღინიშნება ანტიოქსიდანტური სისტემის ცვლილებები.