ოტია იოსელიანის ხელისგულისტოლა ზღაპრების სტრუქტურა და აფორისტული შეგონებების ლინგვოკულტუროლოგიური წახნაგები
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.19საკვანძო სიტყვები:
ლინგვოკულტუროლოგიური წახნაგები, ოტია იოსელიანი, ზღაპრები, სტრუქტურა, სემანტიკაანოტაცია
ოტია იოსელიანის მრავალმხრივი შემოქმედებიდან სრულიად ცალკე საკვლევ არეალს ქმნის ზღაპარი, რომელთა სტრუქტურა თუ სემანტიკა არაერთ საინტერესო წახნაგს წარმოაჩენს.
ნაშრომში განვიხილავთ ხელისგულისტოლა ზღაპრების მწერლისეულ ხელწერას სტრუქტურის, სამეტყველო ტიპისა და ლინგვოკულტუროლოგიური მახასიათებლების თვალსაზრისით.
თავდაპირველადვე ყურადღებას იპყრობს ზღაპართა სათაურები და პერსონაჟთა ნაირგვაროვნება, რაც, თავისთავად, უზრუნველყოფს შინაარსობრივ/თემატურ და სიუჟეტურ მრავალფეროვნებას (კუ; ყვავი და ბულბული; მართალი ღორი; ლომი, ირემი და ბაყაყი; ორი დათვი; კეთილი და სათნო ძერა; მგლის მგლობა; ნიანგის სამდურავი; თავკერძა ინდაური...);
შემდეგი ხაზგასასმელი პარამეტრი ზღაპრის ტექსტის დასაწყისისადმი მიდგომაა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციულ ზღაპართა დასაწყისი მზა ფორმულებისაგან, რომლითაც, როგორც წესი, მთხრობელი მსმენელს ამცნობს, რომ იწყებს გამონაგონი ამბის მოყოლას, ამბისა, რომელიც თან მოხდა/იყო და თან არც მომხდარა/ყოფილა. „იყო და არა იყო რა...“, მწერალი ასეთი ოპოზიციური წყვილის ნაცვლად უმრავლეს შემთხვევაში ტექსტს პირდაპირ მოქმედების განვითარებით იწყებს, ზოგჯერ კი გვთავაზობს მხოლოდ ,,იყოს“, ან განუსაზღვრელობით ნაცვალსახელს ,,ერთი“. ჩვენი აზრით, ამით მწერალი მიანიშნებს მკითხველს/მსმენელს, რომ გამონაგონი ამბის მოყოლას კი არ იწყებს, არამედ იმისას, რაც ყოფილა, არის და, სავარაუდოდ, იქნება; ზღაპრის დასაწყისი ფრაზა, ფაქტობრივად, ყოველთვის მიემართება ერთ კონკრეტულ (სულიერ თუ უსულო) არსებით სახელს; ძალზე იშვიათად - აბსტრაქტულს; ყველაზე ხშირ ვარიანტად დასტურდება ადგილის, დროის ან მოქმედი პირის დასახელების ფორმა.
ზღაპრის ტექსტი მეტყველების ტიპის მიხედვით თხრობითია; დილოგებით დატვირთული; მათში წინაა წამოწეული მოქმედებათა თანამიმდევრობა, სიუჟეტის განვითარება. მოვლენები მოსდევს ერთმანეთს და ხშირად ერთიმეორესაც განაპირობებს. ავტორი-მთხრობელი ტექსტში არ ჩანს, თუმცა, ცხადია, რომ ყველაფერი მისი თვალითაა დანახული; იცის, რა მოხდება და როგორ განვითარდება ამბავი.
ენობრივი თვალსაზრისით გამორჩეული როლი ზმნებს აკისრია (ისინი უმეტესად მესამე პირის წარსული დროის და სრული ასპექტის ფორმებია), რომლებიც ერთმანეთის მონაცვლე მოქმედებებს აღნიშნავენ და თხრობის გაშლას უზრუნველყოფენ; სხვა დროისა და პირის ფორმები კი მეტ გამომსახველობით ძალას ჰმატებენ ტექსტს და მოქმედების თვითმხილველად წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევენ მკითხველსა თუ მსმენელს.
ოტიას ხელისგულისტოლა ზღაპრები მოკლე, ლაკონური, თუმცა, ძალზე შთამბეჭდავი და მრავლისმთქმელია. შთამბეჭდავი იმ თვალსაზრისით, რომ მხატვრულობით მდიდარია, მათი მეშვეობით მოვლენები და მოქმედებები მკაფიოდ და ძალზე ცხოვლადაა გამოხატული; ტექსტი, წინადადებების ტიპების სხვადასხვაგვარობისა და მათში სიტყვათა სწორი/კარგი განლაგებით, მოსასმენად/წასაკითხად მარტივი, აღქმადი, ზოგჯერ რიტმულიც კია, თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფუნქციურია.
განსაკუთრებულად საინტერესო ლინგვოკულტუროლოგიური წახნაგები იკვეთება ამ, მართალც, ხელისგულისტოლა ზღაპრებიდან; ისინი, ჩვენ ვიტყოდით, უფრო იგავებია ფრინველთა და ცხოველთა პერსონაჟებით სავსე; მათი დასასრული სტრუქტურულად ჩვეულებრივი, ტრადიციული ზღაპრის დასასრულის მსგავსი ფრაზები კი არაა, არამედ აფორისტული, ბრძნული. მათგან მომდინარე შეგონებები უმნიშვნელოვანესია ლინგვოკულტუროლოგიურად. მწერალი სწორედაც რომ ფრინველთა და ცხოველთა მეშვეობით, ალეგორიულად (იმპლიციტურად, თუმცა, რეალურად ძალზე ექსპლიციტურად) მშვენივრად ახერხებს, გასცდეს ყოველგვარ შემოფარგლულ დროით სივრცეს, საზღვრებს და თავის ხალხს თაობიდან თაობებს მარადიულად გადასაცემად დაუტოვოს ქართული ეროვნული მენტალობისათვის ოდითგან დამახასიათებელი, გამოყენებადი და ჭკუის სასწავლებელი ცხოვრებისეული სიბრძნე (მისაღები, მოსაწონი, ანდა, პირიქით, დასაგმობი, მიუღებელი და უარსაყოფი).
ჩვენი აზრით, ასეთი განსხვავებული სტრუქტურით აგებული, იგავური სიბრძნის შემცველი ზღაპრები შესანიშნავი შესაძლებლობაა მწერლისეული ინდივიდუალური ხელწერის შესაქმნელად და მიზნის მისაღწევად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ნ. გელდიაშვილი 2023 - ნ. გელდიაშვილი, ეროვნული სურათის წარმომჩენი ეთიკურ-ზნეობრივი პარამეტრები ქართულში: ,,ენა და კულტურა“ VIII; სამეცნიერო შრომების კრებული; ISSN 1987-7323; E-ISSN 2720-7900; გამომცემლობა: „მერიდიანი“, გვ.87-93; https://doi.org/1052340/Iac. თბილისი, 2023.
ნ. გელდიაშვილი 2021 - ნ. გელდიაშვილი, ქართული მცირე პროზის სათაურების სტრუქტურულ-სემანტიკური გააზრებისათვის: კულტურათაშორისი დიალოგები, VI, შრომები, ISSN: 2233-3401; E-ISSN: 2667-99X; გამომცემლობა ,,მერიდიანი“; გვ. 125-130; https://doi.org/10.52340/idw.2021.505 თბილისი, 2021 წ.
გ. გოგოლაშვილი 2022 - გ. გოგოლაშვილი, ენა და მწერალი, #8. თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი, 2022.
თ. ზვიადაძე 2023 - თ. ზვიადაძე, მწერლის ენობრივ-შემოქმედებითი სამყარო. გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბილისი, 2023.
საანალიზო წყარო:
ოტია იოსელიანი 2023 - ოტია იოსელიანი, ხელისგულისტოლა ზღაპრები. ელიფის გამომცემლობა, თბილისი, 2023.

