მხატვრული ტექსტის შექმნის ძირითადი სტრატეგიები ქართულში

მხატვრული ტექსტის შექმნის ძირითადი სტრატეგიები ქართულში

ავტორები

  • ნუნუ გელდიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.28

საკვანძო სიტყვები:

მხატვრული ტექსტი, ძირითადი სტრატეგიები, დავით თურდოსპირელის (ჩხეიძის) შემოქმედება

ანოტაცია

მხატვრული ენა, როგორც პრაქტიკული სტილისტიკის გამოხატულება,  ცალკე განხილვადი სფეროა და, უდავოდ,  მკაფიოდ იმიჯნება  ფუნქციონალური სტილის სხვა სახეობებისაგან. ქართულში ამ ტიპის ტექსტის  შესაქმნელად  ნაირგვარ ენობრივ შესაძლებლობას განიხილავენ, თუმცა მწერალი მათგან სტრატეგიულად და ოსტატურად რომლებს აირჩევს მიზნის მისაღწევად, აზრის გამოსახატავად, მის  მოხერხებაზეა დამოკიდებული. ეს ადვილი ნამდვილად არაა. ჩვენი აზრით, სწორედ მათი საშუალებით უნდა დაიპყროს მან მკითხველის გულები და შექმნას ისეთი საკუთარი ინდივიდუალური ხელწერა, თავისი სამყარო, რომლითაც სრულიად განსხვავებული აღმოჩნდება სხვათაგან. სწორედ ამ მიმართებით ჩვენი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს დავით თურდოსპირელის (ჩხეიძის) შემოქმედება.

        როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევა ნათელს ხდის, რომ მწერლისათვის მთავარი არა მხოლოდ მსოფლხედვა, არამედ მისი გამოხატვის ადეკვატურობაა, რასაც შესანიშნავად ახერხებს მხატვრული ტექსტის შექმნის ძირითადი სტრატეგიებით -  ტროპული მეტყველების ნიმუშების სიუხვითა და მრავალფეროვნებით. მათგან ძირითადი მეტაფორაა - ავტორის უშუალო შემოქმედების ნაყოფი და მხატვრული სახის შექმნის საუკეთესო საშუალება. მათი მეშვეობით საგნებისა და მოვლენების ნიშან-თვისებათა დაკავშირება უშუალოდ მწერლის ინდივიდუალობით განისაზღვრება: ,,ტყეს სიხარულისაგან  სახე აუფეთქდა“; ,,...ბნელოდა  კიდეც,  ნესტიც  იდგა,  შიმშილიც  იზმორებოდა“;  ,,ერთ  მთვარიან  ღამეს  გაისმა ზამთრის  თითების  კაკუნი“...  

     შედარებით, გამოსახვის ამ სტილისტიკური ხერხით და მხატვრული დახასიათების ერთ-ერთი გამორჩეული ფორმით, დავით თურდოსპირელი დიდებულად ახერხებს  საგნებისა და  მოვლენების ერთმანეთთან შეფარდებასა თუ,  გარეგნულად მსგავს ან შინაგან დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა გადატანის საფუძველზე, შეპირისპირებას.შედარებების საკმაოდ მდიდარი მასალა საანალიზო ტექსტებში შექმნილია სხვადასხვა ხერხით და დატვირთულია ემოციური ელფერით: ,,-საოცარია, არავითარი მებაღე არა ჰზრუნავს მათზე... არავინ უვლის... ასე ტურფანი კი არიან... თითქოს ნამით კი არა, მსუყე რძით იყვნენ ნაპკურები და ნაზარდნი..,“; ,,რცხილა  ლაწალუწით  გადაეშვა... სახელოვან  გმირსავით  დაეცა უთანასწორო  ბრძოლაში“.

     ეპითეტი მხატვრული და არამხატვრული სტილის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხაზს უსვამს მოვლენის თვისებას და გამოიყენება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით. იგი მკვეთრად გამოხატავს მთქმელის იდეურ თვალსაზრისს და სუბიექტური მრწამსის  ნიუანსებს.  ამასთან ერთად, ალამაზებს და ამკობს საგნისა და მოვლენის სახეს, ან უარყოფითად ამდაბლებს და აკნინებს მას. განსაკუთრებული კვლევის  საგნად კი ჩვენთვის  მეტაფორული  ეპითეტი  იქცა.  რაოდენობრივმა  ანალიზმა გვიჩვენა,  რომ  ეს  მოვლენა  ხაზგასმულად  სახასიათო სტრატეგიაა: ,,გვიძლიერდებოდა სურვილი, როგორმე შევმძვრალიყავით და გაგვეთბო გაჭირხლული სახსრები“. ,,უფათერაკოდ  გადავიარეთ  გიჟთვალა  ხევები“; ,,ხეების  შემომწვარი  ჩონჩხები  გატიტვლებული  იყვნენ  აღმართულნი“.   

    გაპიროვნება (პერსონიფიკაცია) მხატვრული გამოსახვის ხერხია, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება. გაპიროვნებისას უსულო საგანი წარმოგვიდგება როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს: ,,ტყეს ჟრჟოლამ დაუარა“; ,,კიდევ  ბევრს იჭარტალებდა  ასკილი,  მაგრამ  ბოროტ  ფიქრთა  დენა  შეუწყვიტა  ბავშვების  ჟრიამულმა“; ,,სიამოვნებისგან ათრთოლდნენ ყაყაჩოები“; ,,მთელი ღამის განმავლობაში ქვითინებდა ქარი“...

          ამდენად, საკითხის ანალიზი ადასტურებს, რომ ტროპული მეტყველების ნიმუშების სიუხვე მხატვრული ტექსტის შექმნის ძირითადი სტრატეგიაა. ისინი, მართლაც, გადამწყვეტ როლს ასრულებენ ექსპრესიისა და ეფექტის მიღწევაში. მაღალმხატვრული ოსტატობით მოხმობილი ნაირგვარი საშუალებები კი მკითხველს ეხმარება ტექსტის იდეური საზრისის უკეთ აღქმა-გაანალიზებაში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ნ. გელდიაშვილი, ნ. კოჭლოშვილი 2023 - ნ. გელდიაშვილი, ნ. კოჭლოშვილი, ქართული მცირე პროზის ლიტერატურული და ლინგვისტური წახნაგები, თბილისი.

ალ. გვენცაძე 1991 - ალ. გვენცაძე 1991, ზოგადი სტილისტიკის საკითხები, თბილისი

ზ. ცოტნიაშვილი 2002 - ზ.ცოტნიაშვილი 2002, თანამედროვე ქართული ნოველის მხატვრული თავისებურებანი, თსუ

საანალიზო წყაროები:

დ. თურდოსპირელი 1961- დ. თურდოსპირელი, არაზინდო, გამომცემლობა, ,,ნაკადული“, თბილისი, 1961.

დ. თურდოსპირელი 1947- დ. თურდოსპირელი, საბავშვო მოთხრობები, საბლიტგამი, თბილისი, 1947. დ. თურდოსპირელი 1933- დ. თურდოსპირელი, ეპიზოდები ახალგაზრდათა ცხოვრებიდან, სახელმწიფო გამომცემლობა, ტფილისი, 1933.

Main Strategies for Creating Literary Texts in Georgian

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-09

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...