ღვინის შეფასების პარამეტრები და მათში გამოხატული ქართული ეროვნული მენტალობა
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.22საკვანძო სიტყვები:
ღვინის ხარისხის შეფასების პარამეტრები, დეგუსტაცია/დაჭაშნიკება, ლექსიკა-ფრაზეოლოგია, ქართული ეროვნული მენტალობა, ლინგვოკულტუროლოგიური პარადიგმაანოტაცია
ლექსიკა-ფრაზეოლოგიის თემატურ კლასიფიკაციაში ერთ-ერთ მნიშნელოვან სეგმენტს ღვინის ხარისხთან დაკავშირებული ჯგუფი ქმნის, რაც, უდავოდ, მიგვანიშნებს, რომ ქართველებისათვის მენტალურად ეს საკითხი ძალზე საყურადღებოა. მაგალითად, გამონათქვამები: ზედაშე ღვინო, მირონივით ღვინო, დევის სისხლი, მონათლული ღვინო, ქუდმოხდილი ღვინო, ხატის ღვინო, ნოეს ვაზის ღვინო, ღირსების ღვინო, ღვინოს ნაკბენი აქვს, ღვინოს ხელი აქვს... ქმნის განცდას და ზოგად სურათს იმისას, რომ ამ ადამიანთა სამყარო ორგანულადაა დაკავშირებული ღვინის წარმოება-მოხმარებასთან; ისინი ასახავენ რა თავიანთ სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას ღვინოსთან მიმართებით, ამავდროულად, გამოხატავენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ღვინის ხარისხისადმი და არ შემოიფარგლებიან მისი, როგორც მხოლოდ სასმელის აღწერით.
ცნობილია, რომ ღვინის მიღება-დაყენება-დავარგება ხანგრძლივი და უწყვეტი პროცესია. საუკეთესო ხარისხის მისაღწევად კი მას დროდადრო სჭირდება შემოწმება/დაჭაშნიკება, ანუ ორგანოლეპტიკური ანალიზი, ე. ი. დეგუსტაცია. ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, გამოვიკვლიოთ ღვინის დაყენება-დავარგების პროცესში რა პარამეტრებით ხდებოდა ღვინის შეფასება და რომელი ლექსიკური ერთეულები/ფრაზეოლოგიური გამონათქვამები გამოიყენებოდა ამ დროს; რამდენად მდიდარია ამ მხრივ ქართული ენა, რა ენობრივი შესაძლებლობა გააჩნია და ქართველი ერის რა მენტალური თვისებებია თავმოყრილი/მოაზრებული მათში; რა ლინგვოკულტუროლოგიური პარადიგმა ყალიბდება ამ მიმართებით.
კვლევამ ცხადყო, რომ დეგუსტაცია/დაჭაშნიკება საფეხურებრივი პროცესია და მოიცავს: ღვინის მხედველობით, ფერის მიხედვით შეფასებას (წითელი, თეთრი ვარდისფერი, ცისფერი ... ანკარა, კრიალა, ნათელი, შებურული, შემღვრეული, მღვრიე...); ყნოსვით (ღვინის სურნელის) შეფასებას (ყვავილების: აკაციის, ვარდის, გვირილის, იის, ცაცხვის ყვავილის...; ხილის/ციტრუსების: ფორთოხლის,ლიმონის, გრეიპფრუტის, ლიმონის ცედრის, ალუბლის, მარწყვის, მოცხარის, ჟოლოს...) და გემოვნებით შეფასებას (პირის მბლანდველი, ჭყაპურტა, მარახოში, დაძმარებული...).
ხაზგასასმელი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ ქართველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ასევე ღვინოში ალკოჰოლის შემცველობას და სისქეს (ღვინის აღნაგობას). ღვინის სიმაგრე თრობის სიძლიერით გაიზომებოდა და მის გამოსახატავად არაერთი ლექსიკური და ფრაზეოლოგიური ერთეული დასტურდება: სხეულიანი, ძლიერი, ხორციანი, წიაღიანი, ძარღვიანი, ძაბუნი, საქალებო, შუშხუნა...
ამდენად, ანალიზი ადასტურებს, რომ ქართველები უდიდეს მნიშვნელობას ყოველთვის ანიჭებდნენ ღვინის ხარისხს, რაც გამოკვეთილად აისახა კიდეც ენის ლექსიკურ ფონდში, განსაკუთრებით კი ფრაზეოლოგიაში, რამეთუ, სწორედაც მათშია საუკეთესოდ ასახული ერის მენტალობა, მატერიალური თუ სულიერი კულტურა. მართლაც, კიდევ ერთხელ ესმება ხაზი ჭეშმარიტებას, რომ „ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა“ (ჰუმბოლდტი).
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გელდიაშვილი ნ. (2023). ეროვნული სურათის წარმომჩენი ეთიკურ-ზნეობრივი პარამეტრები ქართულში. ენა და კულტურა, 87–92. https://doi.org/10.52340/lac.2023.08.17
ნანობაშვილი ი. (1960): ვაზის ძველი კულტურა ქიზიყში ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით
ორბელიანი ს.ს. (1949): ,,სიტყვის კონა“. თბილისი
სახოკია თ. (1979): ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი. თბილისი: მერანი
ფრუიძე ლ. (1968): ღვინის დაჭაშნიკება საქართველოში // „ძეგლის მეგობარი“, N16
ქეგლი. (1986:577). ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
ძიძიგური შ. (1954): ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან // ენიმკის მოამბე. თბილისი
ჭავჭავაძე ი. (1956): თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად. (VII ტომი). თბილისი