რაფიელ ერისთავის 200 წლისთავი

რაფიელ ერისთავის 200 წლისთავი

ავტორები

  • თემურ ჯაგოდნიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.63

საკვანძო სიტყვები:

რაფიელ ერისთავი, საზოგადო მოღვაწეობა, მეცნიერება, მრავალმხრივი, იუბილე, ფოლკლორული

ანოტაცია

2024 წლის ნოემბერში აღინიშნა სახელოვანი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლისთავი. ეს საიუბილეო თარიღი აღინიშნა სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთი სექციის სხდომების ფორმატში. ამას გარდა, გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმში 2025 წლის 11 თებერვალს გაიმართა ფოტოგამოფენა და წიგნის „რაფიელ ერისთავი 200“ პრეზენტაცია. ეს წიგნი, მართალია, პოეტის ცხოვრების ფოტომატიანესა და შემოქმედების მიმოხილვა-შეფასების ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს შეიცავს, მაგრამ ვერ გამოირჩევა ავტორების სიმრავლით, სახელოვანი მოღვაწის შემოქმედებითი, საზოგადოებრივი, მეცნიერული ნაღვაწის წარმოჩენის სიღრმეებითა და ყოვლისმომცველობით.

         ამასთან, ჯერჯერობით არც ჩატარებული კონფერენციის მოხსენებების დაგეგმილი კრებული გამოცემულა.

         ასე მოკრძალებულად აღინიშნა სასიქადულო მოღვაწის - რაფიელ ერისთავის 200 წლისთავი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მეცხრამეტე საუკუნის შექმნაში. XXI  საუკუნისაგან განსხვავებით XIX საუკუნემ  უფრო ზუსტად ამოიკითხა მისი მოღვაწეობის დიდი შინაარსი და შესაბამისი პატივი მიაგო მას. არადა რაფ. ერისთავი ნამდვილად იმსახურებს დიდ დაფასებასაც, სიყვარულსაც, აღიარებასაც, უკვდავებასაც არა მარტო გასაოცრად უხვი და მრავალმხრივი ნაღვაწით, არმედ სამშობლოს სიყვარულის, მასთან სისხლხორცეული განუყოფლობის ხილული ხატის შექმნითა და პოეტური პასუხის მოძებნით კითხვაზე: რა არის სამშობლო და სამშობლოს სიყვარული.

XIX საუკუნის 70-80-იან წლებში ქართულ სინამდვილეში არც ერთი მნიშვნელოვანი საზოგადო, საეროვნო წამოწყება და პროექტი არ განხორციელებულა მისი თავკაცობის თუ აქტიური მონაწილეობის გარეშე; იქნებოდა ეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, ქართული თეატრალური საზოგადოების დაფუძნება, საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის შექმნა და პოემის უნიკალური გამოცემა, ქართული მუზეუმის დაარსება და სხვა.

რაფ. ერისთავი იყო დიდი სახელმწიფო მოხელე თუშ-ფშავ-ხევსურეთის საოლქო სამმართველოს საგანგებო საქმეთა ჩინოვნიკი და თარჯიმანი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, გუბერნიის პროკურორი, სამეგრელოს საქმეთა მმართველი და ზუგდიდის მაზრის უფროსი. თუმცა ყველგან და ყოველთვის უპირველესად იყო დიდი პატრიოტი. სახელმწიფო სამსახურის პარალელურად იგი ნაყოფიერად იღვწოდა მწერლობაში, აქვეყნებდა ლექსებს, წერდა მოთხრობებს, დრამატულ თხზულებებს; თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში, აქვეყნებდა მძაფრ პუბლიცისტურ წერი­ლებსა და სტატიებს, ფხიზლად იდგა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე;

ეწეოდა გასაოცრად მრავალმხრივ მუშაობას მეცნიერების სფეროში. იგი იყო ევროპული ორიენტალისტიკის მეცნიერულ ინტერესთა მიმდევარი ლექსიკოლოგი და ლექსიკოგრაფი, გამოსცა უმნიშვნელოვანესი ორ  და სამენოვანი ლექსიკონები, სათავე დაუდო ჩვენში დარგობ­რივი ტერმინოლოგიური ლექსიკონების, ასევე დიალექტო­ლო­გიური და განმარ­ტებითი ლექსიკონების შედგენის ტრადიციას.

რაფ. ერისთავი ასევე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკის სფეროებში. უშუალო დაკვირვებისა და აღწერის მეთოდებით მან შეისწავლა თუშ-ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, იმერეთის, სამეგრელოს, სამურზა­ყანოსა და სვანეთის ტრადიციული ყოფა, ჩაიწერა, შეკრიბა ზეპირსიტყვიერი ტექსტები და წერილების, სამეცნიერო გამოკვლევების ფორმატში გამოაქვეყნა პრესაში, სამეცნიერო საზოგადოებების კრებულებში და ცალკე წიგნებად. მის მიერ მოძიებულ და გამოვლენილ მასალას დღემდე არ დაუკარგავს არც ისტორიული და არც მეცნიერული ღირებულება, როგორც ეჭვშეუტანელ ფაქტებს და წყაროებს თანამედროვე მეცნიერული კვლევებისათვის.

აღნიშნულ გასაოცრად მრავალმხრივ მუშაობასთან ერთად, იგი იყო ქართველი საზოგადოების სასურველი და თავმოსაწონი ადამიანი, თავყრილობების თავკაცი და დამამშვენებელი.

ქართველი საზოგადოება რაფიელ ერისთავის დაუღალავ მოღვაწეობას შესაბამისად აფასებდა, რაც უპირველესად მისი ცხოვრება-მოღვაწეობის მუდმივი საჯარო ყურადღებისა და სიყვარულის გამოხატვაში ვლინდებოდა.

XIX საუკუნის არც ერთ ქართველ მოღვაწეს არ რგებია ისეთი საყოველთაო სიყვარული და დაფასება, როგორც რაფ. ერისთავს. ეს განსაკუთრებით ცხადად გამოჩნდა 1895 წლის 22 ოქტომბერს, როდესაც მას დაბადების 70, საზოგადო მოღვაწეობის 50 წლისთავი გადაუხადეს, რაშიც მთელმა ქართველმა ერმა მიიღო მონაწილეობა და იუბილეს საერო დღესასწაული უწოდეს. ეს იუბილე ქართველი ერის კულტურის და ეროვნული ცნობიერების გამოღვიძების ფაქტად იქცა და ჩვენში იუბილეების ჩატარების ტრადიციას დაუდო სათავე.

ნაშრომში გაანალიზებულია რაფ. ერისთავის მრავალმხრივი მოღვაწეობის ფაქტები და წარმოჩენილია მათი საეროვნო მნიშვნელობა.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

არჯევანიძე, ე. (1965). ანოტირებული ბიბლიოგრაფია გაზ. „კავკაზში“ გამოქვეყნებული ქართული ხალხური სიტყვიერების მასალისა. თბილისი: „მეცნიერება“.

ა. ფ. (1873). სასოფლო.წერილები. „გუთნის-დედა“, 17:1-4.

ბროსე, მ. (1850). არქეოლოგიური მოგზაურობა საქართველოსა და სომხეთში 1847- 1848.

ვაშაყმაძე, შ. (1962). რაფიელ ერისთავი. თბილისი: საბჭოთა საქართველო.

ვაშაყმაძე, შ. (1955). რაფიელ ერისთვის წერილები აკადემიკოს მარო ბროსესადმი. „ლიტერატურული ძიებანი“, IX: 409-424.

„ლიტერატურული მემკვიდრეობა“. (1935). ივანე კერესელიძის წერილები. წიგნი 1. ტფილისი: სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

მანსვეტაშვილი, ი. (1936). მოგონებანი. ტფილისი: ფედერაცია.

მიქაბერიძე, ი. (1861). მთხოვნელი მსაჯულისადმი. „ცისკარი“, 1:137.

„საერო დღესასწაული თ. რაფ. ერისთავის იუბილეს გამო“. (1899). თბილისი: სტამბა ექ. ივ. ხელაძისა.

ფშაველა, ვ. (1901). თ. რაფიელ ერისთავის გარდაცვალებაზედ. „ივერია“, 45:1.

წერეთელი, ა. (1895). საყურადღებოთ. გაზეთი „კვალი“, 22:3.

წერეთელი, ა. (1901). მცირე შენიშვნა. „ივერია“, 168:1-2.

წერეთელი, ს. (1901). პატარა ვანიჩკა. „ივერია“, 70:1.

ჯაბადარი, ა. (1934). მოგონებანი. „მნათობი“, 1-2:259-279.

ჯაგოდნიშვილი, თ. (1986). რაფიელ ერისთავი. თბილისი: „ნაკადული“.

ჯაგოდნიშვილი, თ. (1979). რაფიელ ერისთავი და ხალხური შემოქმედება. თბილისი: „მეცნიერება“.

ხ – შვილი, ნ. (1885). მივარდნილ მხარეში (წერილი თიანეთიდამ). „დროება“, 131:1.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...