ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტის ფუნქციონირება თანამედროვე ქართულ ენობრივ სივრცეში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.29საკვანძო სიტყვები:
ქისტური დიალექტი, ბილინგვურობა, თაობათაშორისი გადაცემა, ენის ფუნქციონირება, ქართული ენის გავლენა, ენობრივი ასიმილაციაანოტაცია
ქისტური დიალექტი წარმოადგენს უნიკალურ ლინგვისტურ კომპონენტს ჩეჩნური ენის სისტემაში, რომელზეც საქართველოში — ძირითადად პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები საუბრობენ.
ისტორიულად, ქისტური მეტყველების თაობიდან თაობაზე გადაცემის პროცესს ზეპირი გადაცემის ფორმა ჰქონდა, რაც ხასიათდებოდა ენობრივი მემკვიდრეობის უშუალო ოჯახურ სივრცეში ბუნებრივი ათვისებით. უფროსი თაობა ფუნქციურად ასრულებდა ენის ძირითადი მატარებლისა და გადამცემის როლს, ხოლო ბავშვები ენას ითვისებდნენ ყოველდღიური კომუნიკაციის გზით — ოჯახსა და თემში. ასეთ მოდელში ენა წარმოადგენდა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებას, არამედ როგორც კულტურული მეხსიერებისა და ეთნიკური იდენტობის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქისტური მეტყველების თაობათაშორის გადაცემაში შეინიშნება შესუსტება, რაც გამოწვეულია როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორებით.
ქისტური მოსახლეობა პრაქტიკულად სრულად ბილინგვურია — ისინი თავისუფლად ფლობენ როგორც ქისტურ მეტყველებას, ისე ქართულს. ეს ბილინგვურობა ისტორიულად ჩამოყალიბებული ლინგვისტური რეალობაა, რაც განპირობებულია ქისტების ეთნიკურ-ლინგვისტური იდენტობისა და მათ გარშემო არსებული ქართულენოვანი გარემოს თანაარსებობით.
ბოლო ოცდაათწლეულის განმავლობაში შეიმჩნევა ქართული ენის წამყვანი პოზიციის დამკვიდრება, რაც სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ფაქტორს უკავშირდება. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართულმა ენამ ქვეყანაში ოფიციალური სტატუსი მოიპოვა სახელმწიფო ინსტიტუციებისა და განათლების სისტემაში. შესაბამისად, ქისტი ახალგაზრდებისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა, განათლების მიღება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ცხოვრების აუცილებელი კომპონენტი გახდა.
ქართული ენის გავლენა ქისტურ დიალექტზე ორმხრივი პროცესია — ერთი მხრივ, ამდიდრებს მას ახალი ელემენტებით, მეორე მხრივ კი, იწვევს ენობრივ ასიმილაციასა და თანდათანობით მისი ფუნქციონირების შესუსტებას ენის გამოყენების სხვადასხვა სფეროში.
2023 წლის ოქტომბერში ჩავატარე სოციოლინგვისტური კვლევა ჩეჩნებით (ქისტებით) კომპაქტურად დასახლებულ თემში, რომელიც მიზნად ისახავდა ქისტური ენის ფუნქციონირების არეალისა და თაობათაშორისი გადაცემის მახასიათებლების გამოკვლევას. კვლევის ფარგლებში გამოვიყენე ანკეტირება და ინტერვიუები თემის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რაც უზრუნველყოფდა ენობრივი მდგომარეობის მრავალმხრივ ანალიზს როგორც ლინგვისტური კომპეტენციის, ასევე ენის გამოყენების პრაქტიკული სივრცეების მიხედვით.
კვლევის მთავარი ამოსავალი იყო ქისტური მეტყველების ფუნქციონირების გამოვლენა კონკრეტულ სოციალურ კონტექსტებში (ოჯახი, საზოგადოებრივი ურთიერთობები, განათლება, საჯარო სივრცე) და მისი თაობათაშორისი გადაცემის მდგრადობის შეფასება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ეთნოსები საქართველოში (2010): საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა.
მამისიმედიშვილი, ხვთ. (1997): ვაინახები და ქართველი მთიელები. თბილისი, გამომცემლობა „ლომისი“.
ფარეულიძე რ. (2011): ჩეჩნური ენა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ჩიქობავა არნ. (2008): იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
ხანგოშვილი ხ. (2020): ქისტები. თბილისი, გამომცემლობა „არტანუჯი“.
ხანგოშვილი ხ. (2015): ქისტების ადათ-წესები. თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“ .
ჯალაბაძე ნ. (2007): ჩეჩნური ფაქტორი და ეთნო-პოლიტიკური ვითარება საქართველოში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, თბილისი.
Услар П. К. (1988): Этнография Кавказа. Языкознание. II.Чеченский язык, Тифлис.


